სირიაში უცხოელი მეამბოხეების, მათ შორის ჯიჰადის მებრძოლების რიცხვი სულ უფრო იზრდება. ამის შესახებ გაეროს დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელმა პაულო პინეირომ განაცხადა.
კომისიის ინფორმაციით, რომელსაც ბრაზილიელი ადამიანის უფლებათადამცველი ხელმძღვანელობს, ზგოერთი მათგანი ანტისახელისუფლებო შეიარაღებულ დაჯგუფებას უერთდება, ზოგიც, დამოუკიდებლად მოქმედებს.
პაულო პინეიროს კომისიამ, სირიაში სამხედრო დამნაშავეთა განახლებული სიაც შეადგინა და გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, საქმეები გამოსაძიებლად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს. სიის ფიგურანტების ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.
შეგახსენებთ, კვირას, 16 სექტემბერს სირიაში შეტაკებების შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი.
პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დაქვემდებარებაში მყოფმა ძალებმა გააძლიერეს იერიში რეგიონებზე, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.
ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის“ ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლი დამასკოს მიმდებარე ტერიტორიებზე და ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოშია, სადაც სამთავრობო ძალებს და მეამბოხეებს შორის შეტაკება მეორე თვეა გრძელდება.