ლიტვის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, აუდრონიუს აჟუბალისის განცხადებით, რუსეთის სამხედრო წვრთნები „კავკასია 2012“ რეგიონისთვის საფრთხეს შეიცავს. ამის შესახებ მან დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გრიგოლ ვაშაძესთან ერთად 5 საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„რეგიონში შესაძლო დაძაბულობაზე, რაც აღნიშნული წვრთნების შედეგად არის მოსალოდნელი, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, - განაცხადა მან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, წვრთნები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისთვის.
მისი თქმით, დასამახსოვრებელია ის შედეგები, რომელიც 2008 წელს გამართულ ანალოგიურ სწავლებას მოყვა და, რომელიც მასშტაბით გაცილებით მცირე იყო, ვიდრე „კავკასია 2012“.
„წვრთნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ პოზიციას გამოხატავს რუსეთის მიმართ, რაც საქართველოს დიპლომატიის შედეგია“, - განაცხადა მან.
გრიგოლ ვაშაძე დღეს ხუთი სახელმწიფოს ლიტვის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის და რუმინეთის მინისტრები საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ.
შეხვედრაზე მინისტრები საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებას გაეცნენ და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.