"ბაგრატის ტაძარს აუცილებლად მოვინახულებ და ის, რომ გახსნაზე ვერ ჩავედი, ამით მისი სიდიადე არ კნინდება“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გადაცემა „აქცენტებში“ სტუმრობის დასასრულს ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც ბაგრატის ტაძრის კურთხვევის ცერემონიალზე არ დასწრებას უკავშირდებოდა.
მან ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიულოცა ტაძრის აღდგენა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ საკითხის „ძალიან პოლიტიზრებას“ ცდილობს.
ივანიშვილის განმარტებით, ბაგრატის ტაძარი სააკაშვილს არ აღუდგენია. მისივე თქმით, ეს ქართველმა ხალხმა გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ისე წარმოაჩენს თავს, თითქოს ეს მისი დამსახურება იყოს.
„სააკაშილს ყველაზე ნაკლები წვლილი აქვს მასში. მასზე გაცილებით დიდი წვლილი მაქვს იმ ტაძრის აღდგენაში შეტანილი. 500-ზე მეტი საუკეთესო ძეგლი აღვადგინე და არცერთის გახსნაზე არ მივსულვარ, მაგრამ ამით ხომ არ კნინდება ეს პროცესი. მომავალში უკეთეს დროს მოვნახავ და აუცილებლად მოვინახულებ მას“, - დასძინა მან.