დაპირისპირებითა და შეხლა-შემოხლით დასრულდა დღეს პოლიტიკური ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა არეშიძის შეხვედრა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მოსახლეობასთან.
ამომრჩევლებთან შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობდა. მამუკა არეშიძის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ გარდაბნის რაიონში მოაგვარებს წლების მანძილზე გადაუჭრელ სოციალურ და საყოფაცხოვრებო პრობლემებს, მოსახლეობას დაეხმარება კუთვნილი მიწის ნაკვეთების დაკანონებაში, ჩამოაყალიბებს მსხვილ მეურნეობებს და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დაასაქმებს.
იმ დროს, როდესაც მრავალრიცხოვანი ამომრჩევლები კითხვებს უსვამდნენ და დადებით ემოციას გამოხატავდნენ დეპუტატობის კანდიდატის მიმართ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეხვედრაში არეულობის შეტანა სცადა და დეპუტატობის კანდიდატს რაღაც საგანი ესროლა.
„ქართული ოცნების“ ადგილობრივმა აქტივისტებმა ხსენებული პიროვნება მშვიდობიანად გაიყვანეს შეხვედრის ადგილიდან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა 50 ლარი გადაუხადეს პროვოკაციისთვის დაწყებისთვის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში გამოწყობილმა ათამდე ახალგაზრდამ სიტუაციის გაამწვავება სცადეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა ისიც, რომ ესენი იყვნენ სოფელ გამარჯვების გამგეობის წევრები და მათი მხარდამჭერი სპორტული აღნაგობის ახალგაზრდები, რომელთაც „ნაციონალების“ ადგილობრივი კოორდინატორი, ნიკო ჭანტურიძე ხელმძღვანელობდა. „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა, აქტივისტებმა მოსახლეობის წარმომადგენლებმა ყველაფერი გააკეთეს პროვოკაციის მშვიდობიანად დასრულებისთვის.