ივანიშვილი:  გპირდებით, სრულფასოვნად შეისწავლით ქართულ ენას

ივანიშვილი: გპირდებით, სრულფასოვნად შეისწავლით ქართულ ენას

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  „საქართველოში სახელმწიფო ენის სწავლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება".

ამის შესახებ ივანიშვილმა ახალციხეში გამართულ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მოქალაქეზე, რადგან ეს მისი მოვალეობაა.

ივანიშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ენის შესასწავლად რამდენიმე პროექტი დაიგეგმა და თითქოს განხორციელდა კიდეც, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია.

„ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის სახელმწიფო ენის არცოდნა პრობლემად რჩება. ჩვენ გპირდებით, რომ ხელისუფლებში ჩვენი მოსვლის შემდეგ სრულფასოვნად შეისწავლით ქართულ ენას და ამასთან ერთად, ჩვენ ხელს შევუწყობთ მათი მშობლიური ენის განვითარებას და ამას ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ. საქართველოში სახელმწიფო ენის სწავლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. შეიქმნება ქართული ენის შემსწავლელი კურსები უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენი სახელმწიფო არც მათ ენებს მოაკლებს ყურადღებას", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება თარჯიმანთა და მთარგმნელთა სპეციალური ქსელიც.

მისივე თქმით, აუცილებელია ამ ქვეყნის განვითარებაში სრულყოფილად ჩაერთოს თითოეული ადამიანი.

„არ შეიძლება, კაცს ენის პრობლემა აწუხებდეს, რადგან ამის გარეშე რთულია შენი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნო თავი“, - დასძინა ივანიშვილმა.