„ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი თემქაზე , ამომრჩეველს შეხვდა.
"არაშენდასთან" გამართულ შეხვედრაზე წულუკიანმა ადგილობრივ მოსახლეობას კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სამართლიანი ტარიფები და უმუშევრობა - ეს ის საკითხები იყო, რომლებზეც დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ყურადღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ თემქა და საერთოდ მთელი ნაძალადევი იმსახურებს ცვლილებებს.
„გამარჯვება, პრაქტიკულად, გარდაუვალია, მთავარია ბევრი ამომრჩელი მივიდეს საარჩევნო ყუთთან, იმისთვის რომ მიცვალებულებმა და მიწერილებმა არჩევნები არ გაგვიყალბონ. ყველა რაიონში არის" ნაციონალური მოძრაობა" მობილიზებული, რათა ხალხს წაართვას საკუთარი ბედი, არჩევანი. განსაკუთრებულად რთული რაიონია ამ მხრივ ნაძალადევი. სადაც წინა არჩევნებზე სისხლის სამართლის დანაშაული იქნა ჩადენილი.“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ ამ არჩევნებზე "ქართული ოცნება" ამას არ დაუშვებს და ბოლომდე დაიცავს საკუთარ ხმას.
ამიტომ წულუკიანმა საარჩევნო ყუთთან ამომრჩევლის მისვლის აუცილებლობას ხაზი განსაკუთრებულად გაუსვა.