პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ადიგენის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრები, ძირითადად, საინფორმაციო სახის იყო და ადგილობრივების 15 სექტემბრისათვის ახალციხეში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისთვის ინფორმირებას წარმოადგენდა.
ქეთი დოლიძემ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა დაურიგა და მათი პრობლემები მოისმინა.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ხმების სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრი ანაბრებს დაჰპირდა.
„შეხვედრის მიზანია ადამიანებს თვალები ავუხილოთ, ჩვენ ვიცოდეთ რამდენი მხარდამჭერი გვყავს და როგორც ვატყობ, პრაქტიკულად, 80% ჩვენი მხარდამჭერია. უბრალოდ, მოსახლეობა კატასტროფულადაა დაშინებული. სახელმწიფო რესურსი როგორც აქ არის გამოყენებული, ასე არც ერთ რეგიონში არ მინახავს. პრაქტიკულად, ეს არის ივანე მერაბიშვილის სახანო. უზარმაზარი გავლენაა აქ მერაბიშვილის ოჯახის, ეს ძალიან ცუდი შესახედია“, - განაცხადა დოლიძემ.