OSCE/ODIHR: საჯარო სამსახურებში დასაქმებული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების დაშინება და  სიძულვილის ენის გამოყენება  ხდება

OSCE/ODIHR: საჯარო სამსახურებში დასაქმებული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების დაშინება და სიძულვილის ენის გამოყენება ხდება

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველი შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა.

როგორც რადიო „თავისუფლება“ იუწყება, ანგარიშის თანახმად, OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრებზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული რესურსების პოტენციურად გამოყენების, საჯარო მოხელეების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების, დაწესებული ჯარიმების, (რომელთა ოდენობაც მათი აზრით გადაჭარბებულია) და საკუთრების დაყადაღების თაობაზე წუხილი გამოხატეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული საარჩევნო გარემო პოლარიზებულია და ხასიათდება ხშირი საჯარო ბრალდებებით, რომლებსაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უყენებენ.

„მათი განცხადებით, ხდება საჯარო სამსახურებში დასაქმებული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების დაშინება, სიძულვილის ენის გამოყენება და ამომრჩეველთა დაშინება“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ცალკე თავი ეძღვნება წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს,  რაც, ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ საკითხად იქცა.

„პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესები საქართველოში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შარშან პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განცხადება გააკეთა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის გრძელვადიანმა სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა საქართველოში 22 აგვისტოს დაიწყო და ის 44 კაცისაგან შედგება. შუალედური ანგარიში კი 22 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.