„ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე აკაკი ბობოხიძემ დროის უმეტესი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ანტიპროპაგანდას დაუთმო:
შეხვედრაზე ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ოთარ ჩიტეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა საღარეიშვილი იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში რომ არ დაედანაშაულებინათ, 5 სექტემბრიდან იგი შვებულებაში იმყოფება და სამუშაოს არჩევნების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.
ბობოხიძემ შეკრებილ მოსახლეობას სთხოვა, რომ ვისაც უნდა მხარი დაუჭირონ, ოღონდ ეს „ქართული ოცნება“ ნუ იქნება.
„მინდა გთხოვოთ, ვისაც გინდათ დაუჭირეთ მხარი, უამრავი პარტიაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ მხარი არ უნდა დაუჭიროს. მე მაქვს ჩემი მოსაზრება, რატომ? ბოდიშს ვიხდი, შეიძლება რომელიმე თქვენთაგანი მომხრეა ბატონი ბიძინასი ალბათ, მასაც აქვს მოსაზრება, თუ რატომ აპირებს მხარი დაუჭიროს. მე ჩემსას ვიტყვი, მან თავისი გითხრათ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ. რატომ გვქონია, რომ ბიძინას არ უნდა დაუჭიროთ მხარი? უამრავი კარგი საქმე გაუკეთებია, უამრავი ფული მიუცია ადამიანებისთვის და გაჭირვებულს დახმარებია, მაგრამ მაინც ვამბობთ, რომ ამ კაცს მხარი არ უნდა დაუჭიროთ. მიმაჩნია, რომ ივანიშვილი არის პუტინის პროექტი, ის ფულები რაც იხარჯებოდა იყო პუტინის ფულები, მაშინ იმ წუთში პასუხად გვიბრუნებენ, პუტინის ფულები მაშინ არ იყო, მიშა სააკაშვილი, რომ ბიძინას აშენებულზე ლენტებს ჭრიდა? დიახ, ბატონო, მაშინაც პუტინის იყო, ოღონდ პუტინი მიშასთვის ხარჯავდა ფულს? შეკითხვაა ასეთი: პუტინი მიშასთვის ხარჯავდა ფულს? არა ბატონებო, პუტინი მიშასთვის და ქართველი ხალხისთვის არ დახარჯავდა ფულს“, - განაცხადა ბობოხიძემ.