ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, კახეთის საინფორაციო ცენტრმა ქისტებისგან რამდენიმე წერილი მიიღო, ეთნიკური ქისტები ლოპოტას ხეობაში ქისტი და ჩეჩენი ახალგაზრდების ლიკვიდაციის გამო საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრებიან. ქისტების წერილს From.ge უცვლელად გთავაზობთ.
„ჩვენ, პანკისში მცხოვრები ქისტები, არც ტერორისტები ვართ და არც რადიკალი ვაჰაბიტები, როგორც ამას ზოგიერთი ჟურნალისტი და „ექსპერტი“ ავრცელებს. ჩვენ ჩვენი რელიგიის მიმდევრები ვართ და ვცდილობთ დავიცვათ შარიათის კანონები. ჩვენ თუ წვერი გვექნება და მეჩეთში ვივლით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტერორისტები ვართ. უბრალოდ, ვცდილობთ შევასრულოთ ღმერთის მიერ ჩვენთვის დავალებული აუცილებლობები.
აქვე გაგაცნობთ ჩვენს პოზიციას ქართველებთან მიმართებაში. ჩვენ ქართველ ერთან მტრობა არ გვქონია. მოძმე ერი ვიყავით და ვართ კიდეც. ჩვენ, როგორც ზოგიერთები აცხადებენ, არ დავდივართ შეიარაღებულები. ეს ხელისუფლების მიერ აგორებული ჭორებია, თავიაანთ საქციელს ფარდა რომ ააფარონ, მაგრამ ეს ასე არ ჩაივლის.
.ჩვენ თუ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობას წარმოვადგენთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუსტი და ადვილად გასანადგურებელი ერი ვართ. ამ ხელისუფლებას კარგად უნდა ახსოვდეს ჩვენ რა მენტალიტეტის ხალხი ვართ. არც ის უნდა დაავიწყდეს, რომ რაც ლაფანყურში მოხდა, ამას ჩვენ ვერ დავივიწყებთ და ვერ შევარჩენთ.
ის ლომები, რომლებიც ამ მთავრობამ უმოწყალოდ გაანადგურა ლოპოტას ხეობაში, ჩვენი ძმები იყვნენ, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი რელიგიური ძმები, ლომები რომლებიც როგორც ჩეჩნეთის დასაცავად მიდიოდნენ, ასევე საქართველოსაც იცავდნენ საქართველოში ყოფნისას, მათ უკან დასახევი გზა არ მისცეს, როგორც რუსეთმა, ასევე სააკაშვილმა.
ბიჭები ჩვენს შორის ვაჟკაცობითა და სიბრძნით გამოირჩეოდნენ, ასე უმოწყალოდ დახოცეს და ამაზე იამაყეს კიდეც; პანკისობის, ბასაევისა და ლეკების დრო წავიდაო... ისინი, სავარაუდოდ, საქართველოდან ლოპოტას ხეობის გავლით დაღესტანში გადასვლას აპირებდნენ, იქიდან ალბათ ჩეჩნეთში, განა არ დაბრუნდებოდნენ, რომ დაებრუნებინა საქართველოს ეს ბიჭები მშვიდობიანად? განა არ შეეძლო ამ მთავრობას მათთან მოლაპარაკება მშვიდობიანად? მაგ ბიჭებს არანაირად არ აწყობდათ საქართველოში არეულობა ან დაპირისპირება.
ეს ამ მთავრობამ გაითამაშა, ვითომ მსოფლიოს წინაშე რაღაც ეჩვენებინა თავისი რეიტინგის ასამაღლებლად, ან კიდევ დაეშინებინა საქართველოში მცხოვრები მუსულმანები და პანკისში მცხოვრები ქისტები. რა მიზნით დახოცა ამას დღეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, ამ მთავრობამ დახოცა თავისი მოქალაქეები.
ჩვენ, ჩვენი ძმების სისხლის არცერთ წვეთს არ შევარჩენთ, ეს უნდა დაიმახსოვროს პრეზიდენტმა. დღეიდან ძმობა მტრობამ ჩაანაცვლა, სააკაშვილის ბინძურმა პოლიტიკამ და „დღეიდან ჩვენ ორს შუა, მოციქული არის ტყვია“...
დღეიდან ელოდოს მტრებს და არა ძმებს, მტრებს, რომლებსაც მგლებივით არ ავიწყდებათ მტრობა და შურისძიება სიკვდილის ბოლომდე... „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოსწყდებიან, ჯავრი შესჭამონ მტრისანი“... ჩვენს წინაპრებს უთქვამთ ასევე: „შერჩენილი მხოლოდ ის მტრობაა, რომელიც დავიწყებულია“... და ბოლოს, ეს მიმართვა არა ქართველებს, არამედ მთავრობას ეხება“, – აღნიშნულია ერთ–ერთ წერილში, რომელსაც ხელს მუჰამმად ბორჩაშვილი აწერს.