თბილისელებს მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასდაკლების ახალ სისტემას სთავაზობს
დედაქალაქის მერია თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ფასდაკლების ახალ სისტემას სთავაზობს .
თბილისის მერიის ახალი ინიციატივა 5 დღის განმავლობაში ვებგვერდზე: www.chemitbilisi.com განთავსდება და თუ ხმათა საჭირო რაოდენობას (15 000) მოაგროვებს, თბილისის მერია მას უახლოეს მომავალში განახორციელებს.
„ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდისას ელექტრონული ბარათით - მეტრომანით სარგებლობს, შესაძლებლობა ეძლევა, მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს. სიახლე ყველა იმ მგზავრისთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულარულად სარგებლობს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, მგზავრობის ელექტრონული ბარათით თბილისში ამ ეტაპზე მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.