"როლანდ ახალაიას ფროიდისეული წამოცდენა ჰქონდა, როცა თავის ოპონენტად ქართველი ხალხი დაასახელა და არა სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები“, - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგში“ განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ალასანია განმარტავს, რომ ხელისუფლებამ რეგიონის არცერთი ბილბორდის გამოყენების საშუალება არ მისცა. გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ ბალანსის აღსადგენად რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი, როლანდ ახალაია გამოიწვია, თუმცა აღნიშნა, რომ მეორე კვირაა ამ საკითხზე მათი მხრიდან დუმილია.
„ის ამართლებს სიტყვებს, რომ მისი ოპონენტი არა ირაკლი ალასანია და რომელიც სხვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, არამედ ქართველი ხალხია. ის საკუთარ ხალხთან რეალურად, მართლაც წინააღმდეგობაში მოდის. მე არ მაინტერესებს რას ფიქრობს „ნაცმოძრაობა“, მე ქართველი ხალხის აზრი მაინტერესებს“, - აცხადებს ალასანია.
მისივე განმარტებით, ზუგდიდმა უნდა დაიბრუნოს მთავარი ისტორიული ფუნქცია, რომელიც ქვეყნის გაერთიანებას უკავშირდებოდა აღნიშნა, რომ ზუგდიდმა ქართველებსა და აფხაზებს შორის ხიდის როლი უნდა ითამაშოს.
„ამიტომ ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ ზუგდიდის ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა წელში გაიმართოს, აფხაზებისათვის საქართველოსთან ურთიერთობა გახდეს უფრო მიმზიდველი, ვიდრე დარჩეს რუსეთთან ოკუპაციის ქვეშ. სწორედ ამიტომ კოალიცია 100 მილიონ ლარს დებს ზუგდიდის ეკონომიკის განვითარებაში და ეს თანხა მთლიანად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მოხმარდება“, - აღნიშნა მან.
ალასანიამ ჯანდაცვის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ზუგდიდში რაიონული მნიშვნელობის სამედიცინო დაწესებულება აშენდება, რომელიც უფასოდ მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე აფხაზეთის მოქალაქეებს.
გადაცემაში ალასანიამ პროგრამულ სხვა დებულებებზეც ისაუბრა. მან ყურადღება საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებსა და კონფლიქტების მოგვარების თავიანთ ხედვაზეც გაამახვილა.