განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტთა აქცია გაიმართა. მშობლებთან ერთად, 60-ზე მეტი ის ახალგაზრდა შეიკრიბა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ზღვარიგადალახეს, თუმცა ვერც ერთ ფაკულტეტზე ვერ მოხვდნენ.
ისინი აცხადებენ, რომ 10-ზე მეტი ფაკულტეტი ჰქონდათ მითითებული და აინტერესებთ, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ჩარიცხულთა სიაში. მათივე თქმით, ჩარიცხულთა სიებში მათზე დაბალი ქულის მქონე აბიტურიენტები მოხვდნენ, ისინი კი სასწავლებლების გარეშე დარჩნენ.
ახალგაზრდების განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში საკითხის გარკვევას განათლების სამინისტროსთან ცდილობდნენ და მიიღეს პასუხი, რომ აღნიშნული კატეგორია უმაღლეს სასწავლებლებში არ ჩაირიცხება.
„მინისტრის მოადგილე შოთა ნიჟარაძესთან გვქონდა შეხვედრა, რომელმაც ჩვენ ირონიულად განგვიცხადა, რომ „გოგოები გათხოვდით, ბიჭები კი ჯარში წადით". ასევე გვეუბნებიან, რომ პროფესიულ სასწავლებლებს მივმართოთ", - აცხადებენ ახალგაზრდები და აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი მეორადი ჩარიცხვის გაუქმებამ გამოიწვია.
აქციის მონაწილეები გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამინისტროში შესვლის ან გამოსვლის საშუალებას არავის აძლევდნენ. თუმცა დაცვამ ისინი გააფრთხილა, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ.
ამჟამად შენობაში შესვლა თავისუფლადაა შესაძლებელი.