ფონდი „ქომაგის“ ხელმძღვანელის ია მეტრეველის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურში ის ექვსი მოქალაქე დაიბარეს, რომლებსაც ქართველმა ემიგრანტებმა ფონდ "ქომაგის" დახმარებით თანხა ჩაურიცხეს. ამის შესახებ მეტრეველმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, „ქომაგმა“ დაახლოებით ერთი კვირის წინ ემიგრანტების საშუალებით მორიგი დახმარება განახორციელა. მეტრეველი აცხადებს, რომ როგორც კი ამ ადამიანებს თანხები ჩაერიცხათ, მაშინვე გუშინ 5, დღეს კი კიდევ ერთ ადამიანს დაურეკეს და დაკითხვაზე დაიბარეს.
„ეს პროცესი ალბათ კვლავ გაგრძელდება. ბანკები იმდენად ჰყავთ თავიანთი კონტროლის ქვეშ და იმდენად აკონტროლებენ გადარიცხვა-გადმორიცხვებს, რომ პროცესის დასრულებისთანავე მოხდა ამ ადამიანების დაბარება“, - განაცხადა მან.
მეტრეველის განმარტებით, დაბარებულები დაკითხვაზე 19:00 საათზე, შეიყვანეს,სადაც ღამის 12:00 საათამდე გააჩერეს. მისი თქმით, „ქომაგმა“ ისინი ადვოკატებით უზრუნველყო.
მეტრეველი აცხადებს, რომ თვითონ ფინანსური პოლიციის დაბარების პროცესი და მიდგომები არაადამიანური იყო და აღნიშნა, რომ ამ ფორმით პოლიცია ადამიანის უფლებებს არღვევდა.
„ისინი ადამიანებს, როგორც დამნაშავეებს, ისე ელაპარაკებოდნენ. მოქალაქეებს ავალებდნენ სასწრაფოდ გამოცხადებულიყვნენ პოლიციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალით წაყვანით ემუქრებოდნენ“, - განაცხადა მეტრეველმა.
როგორც ის განმარტავს, ეს პროცესი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მორიგი ტალღაა. მეტრეველის თქმით, ხელისუფლების მიზანი მოქალაქეების დაშინება და ფონდი „ქომაგის“ საქმიანობის შეჩერებაა.
„მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს თანხები ირიცხება ემიგრანტების საშუალებით. ჩვენს მხარდასაჭერად მთელი ემიგრაცია ფეხზე დგას, ისინი ამას არ მალავენ, ღიად აცხადებენ და ამისათვის სპეციალური ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შექმნეს. სადაც აგროვებენ თანხებს და რიცხავენ ჩვენს ანგარიშებზე. ამით ისინი თავიანთ მოქალაქეებს ეხმარებიან, რომელთაც უჭირთ და ჩვენი თანადგომა სჭირდება. ხელისუფლებას კი ამის შეჩერება უნდა“, - განაცხადა მეტრეველმა და აღნიშნა, რომ ეს ხალხის დაშინების მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლაა.