საგარეჯოს რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციებს ხელისუფლება შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ურიგებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა დღეს, კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საგარეჯოს რაიონში მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის 2 კვირა გავიდა, რამაც მოსახლეობა დააზარალა, თუმცა ხელისუფლებამ პრობლემის ადეკვატურად მოგვარება დღემდე ვერ მოახერხა.
მისივე განმარტებით, მათ აქვთ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ძალიან ბევრ სოფელში კომპენსაციის გადახდა ხდება პოლიტიკური ნიშნით და 1 500 ლარს სრულად უხდიან მხოლოდ მათ, ვინც ხელისუფლების მიმართ ლოიალურადაა განწყობილი.
„გარდა ამისა, როგორც ხალხი ამბობს, მათი ზარალის აღწერა და დახმარების გაცემა მოხდა არაადეკვატურად. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც 4 სოფელს აწუხებს, არის ის, რომ ასეულობით ადამიანს კომპენსაციის გადახდაზე უარი უთხრეს, რადგან განუცხადეს, რომ მათი ვენახები და ნათესები წინა სტიქიის დროს დაზარალდა", - განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების მთავარი პრინციპი უნდა იყოს არა ის, თუ რომელ რიცხვში მოხდა სტიქია, არამედ, რამდენად აქვს გლეხს შესაძლებლობა, მიიღოს მოსავალი. ასევე ხიდაშელი მიიჩნევს, რომ დასტურდება, რომ გლეხი ვერ იღებს მოსავალს, მაშინ მისი ზარალის კომპენსირება სრულად უნდა მოხდეს.
„თუ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ თელავში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ მის მიერ გადარიცხული 80 მილიონი ლარი გადანაწილებული უნდა იყოს იმ ოჯახებზე, რომლებსაც ნათესები გაუნადგურდათ. თუ დამატებითი თანხებია საჭირო, კოალიცია "ქართული ოცნება" მზადაა დაზარალებულთათვის სახელმწიფო ბიუჯეტში ესეც გადარიცხოს", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ამასთან, მან უშუალოდ საგარეჯოს რაიონის მოსახლეობასაც მიმართა და პირობა მისცა, რომ თუ ხელისუფლება მათი პრობლემების მინიმალურ დონეზე მოგვარებას მაინც ვერ შეძლებს, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ყველა ოჯახი ზარალის შესაბამის კომპენსაციას მიიღებს.
„ასევე სრულად მოხდება კომპენსაციების გაცემა სხვა პრობლემების მოსაგვარებლადაც. მაგალითად, ისეთი პრობლემის, როგორიცაა სტიქიის შედეგად დანგრეული სახლის აღდგენა და სხვა", - დასძინა თინა ხიდაშელმა.