ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს საავიაციო ბაზიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში გააცილეს.
ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე და 12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონები მიემგზავრებიან. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, 6 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ.
წასვლამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობას ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ქართველი სამხედრეობის ამოცანას ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენს.
ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით 6 სექტემბერს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში რასმუსენი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა.