ექსპერტ მიხეილ თავხელიძის შეფასებით, ბლოკ „ივანიშვილი-ქართული ოცნების“ პარტიული სიის ათეულითა და სიის პირველ ნომრად კახი კალაძის წარდგენით, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში შანსები შეუმცირდა.
თავხელიძის განცხადებით, საგულისხმოა ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ მყოფი დიდი ნაწილი მძიმეწონიანი პოლიტიკოსებისა ამ ათეულში არაა, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი თავიანთ მოკავშირეებს ბოლომდე არ ენდობა.
„პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ თუ რაიმე შანსები ჰქონდა საპარლამენტო არჩევნებში, ეს პირველი ათეული ამ შანსების კიდევ უფრო შემცირებას ნიშნავს. პრობლემა არა მხოლოდ სიის პირველი ნომრის პოლიტიკურ გამოუცდელობაზე არამედ, ზოგადად ათეულის წევრების ცნობადობაზეცაა. პირადად მე, არ მესმის ბიძინა ივანიშვილს რისი მიღწევა უნდა გარდა საკუთარი ამბიციების და ფობიების დაკმაყოფილებისა. მიმაჩნია, რომ მის კოალიციაში გაცილებით უფრო ცნობილი და გამოცდილი პოლიტიკოსები არსებობენ ვიდრე, ათეულში ჰყავს“, - განაცხადა თავხელიძემ და დასძინა, რომ ადამიანმა, რომელმაც გადამწყვეტ თამაშში საკუთარ კარებში ორი გოლი გაიტანა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პირველი ნომერი უნდა იყოს და არჩევნებს მოგაგებინებს.