თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ From.ge-ს რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მათი მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ამ 9 თვის განმავლობაში დაუგროვდათ და რითაც მათთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შეიძლებოდა.
„კერძოდ ის, რომ ამ კომაპნიას მოსაწესრიგებელი ჰქონდა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ის რომ ლიცენზირების პროცესში არარსებულმა პარტნიორმა მიიღო მონაწილეობა და ა. შ. მაგრამ სასამართლომ ყოველგვარი არგუმენტი და კანონი უგულებელყო და ძალაში დატოვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის აქტი, რომელიც 2011 წლის 16 სექტემბერს მიიღეს და ფაქტიურად ხელი შეუწყო უკანონო გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, მათ ჯერ არ ჩაბარებიათ სარეზოლუციო ნაწილი, შესაბამისად უარყოფითი პასუხის მოტივი ამ ეტაპზე მათთვის უცნობია. სამხარაძის განცხადებით, მათ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულებები, ამიტომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
„ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია სამოტივაციო ნაწილი, ეს 14 დღეში გახდება ცნობილი. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და ბათილად ცნობის“, - აცხადებს რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გასული წლის 30 სექტემბერს, თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად რადიო „ჰერეთის“ განცხადება არ დააკმაყოფილა და გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“ გამოაცხადა.
საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ „ჰერეთის“ სარჩელის განხილვა ცხრა თვის განმავლობაში გრძელდებოდა.