უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა ოჩიაური პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვას და არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისადმი ულტიმატუმის შეფასებისას აცხადებს, რომ ეს კოალიციის ლიდერის პოპულისტური განცხადებაა, რომელიც საქართველოში არსებულ რეალობას სრულებით არ ასახავს.
„ამ დოკუმენტში ახალი არაფერი იყო. ეს არის იგივე ჩივილები, რაზეც ისინი მთელი ამ წლის მანძილზე საუბრობენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ფულის დარიგების თავისუფლებაა, რასაც საქართველოში კანონი კრძალავს და რის საფუძველზეც, გარკვეული ქონებებია დაყადაღებული“, - განაცხადა ოჩიაურმა.
რაც შეეხება, აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას, თუ რა რეაქცია ექნებათ მათ „ქართული ოცნების“ მიერ მიწოდებულ ფაქტებზე, ოჩიაური აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაზე კი არაა საუბარი, აქ საუბარი საქართველოში არსებული კანონების მოქმედების თაობაზეა.
„აქ საუბარია კანონმა იმოქმედოს თუ არა ყველა პოლიტიკური გაერთიანების მიმართ ერთნაირად. ბიძინა ივანიშვილი კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიას ძალიან თავისუფლად წარმართავს. მას არავითარი ხელის შეშლა არ აქვს. სამჯერ მეტი ფული აქვს დახარჯული ვიდრე, ყველა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს ერთად აღებულს, ამიტომ მე, მის მოქმედებაში ვერანაირ პოლიტიკურ შეზღუდვას და საფუძველს ვერ ვხედავ, რომ აცხადებდეს თითქოს, საარჩევნო გარემო მისთვის ობიექტური არაა და შეზღუდვების დამწესებელია. არაა არცერთი მათი გამონათქვამი, რომელიც მედიასაშუალებით ჩვენთან არ მოდიოდეს, არაა არცერთი მათი აქტივობა საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი და არ არსებობს არცერთი მათი პოლიტიკური მესიჯი, რომელიც შეიძლება, რაღაც შეფერხებით მიდიოდეს საზოგადოებამდე. ამიტომ მგონია, რომ ეს რაღაც პოპულისტური განცხადებაა, რომელიც საქართველოში არსებულ რეალობას სრულებით არ ასახავს“, - განაცხადა ოჩიაურმა.
ოჩიაურის განცხადებითვე, საქართველოში საარჩევნო გარემო როგორი იქნება, საარჩევნო რეფორმა როგორ მიმდინარეობს და როგორია საარჩევნო სიები ამას წყვეტს და ამის შემფასებელი მხოლოდ ქართველი საზოგადოებაა, ხოლო არჩევნების ობიექტურობას, საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება და მათ დასკვნებს და აღიარებულ შედეგებს უნდა ვენდოთ.