საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის” დირექტორის მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის უკანონო გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება და აფასებს მას, როგორც უაღრესად დაუსაბუთებელსა და უსაფუძვლოს. როგორც გაერთიანების პრეზიდენტი, მაია კობახიძე კოლეჯის დირექტორის, დავით მჭედლიშვილის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში აცხადებს, პროფესიულმა გაერთიანებამ საფუძვლიანად შეისწავლა აღნიშნული ფაქტი, ხოლო კოლეჯმა უხეშად შელახა თამარ კაიკაციშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
„ჩვენ შევისწავლეთ თამარ კაიკაციშვილის საქმე და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თქვენ დაუსაბუთებლად ახდენთ მოადგილის სამსახურიდან დათხოვნას. თქვენი მოადგილე 2012 წლის 31 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა საკვალიფიკაციო გამოცდებს, თუმცა თქვენ არ გაითვალისწინეთ საგამოცდო პერიოდის მნიშვნელობა და მოადგილის საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რა დროსაც 6 ივნისს სამსახურიდან არსებითი მიზეზის გარეშე დაითხოვეთ, მას 15 ივნისამდე არ მეცა სამსახურში გამოცხადების საშუალება, 18 ივნისს მიიღეთ დისციპლინარული სახდელის – გაფრთხილების გამოყენების ბრძანება, ხოლო 19 ივნისს სასწავლო პროცესში არსებული ხარვეზების გამო, გაათავისუფლეთ. 19 ივნისის ადმინისტრაციულ თათბირზე შელახეთ მისი პროფესიული ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და სამოქალაქო უფლებები, რასაც ამძიმებს მოსარჩელე მხარის დასაბუთებული შეხედულება და პრესაში ჟურნალისტური მოკვლევის შედეგებიც, რომლის თანახმადაც, ეს გათავისუფლება მოტივირებული გახლდათ პოლიტიკური გადაწყვეტილებით.” – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პროფესიულ სასაწვლებელში მიღებულ ამ გათავისუფლებას აფასებს, როგორც უაღრესად დაუსაბუთებელსა და უსაფუძვლოს და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება, უკიდურეს შემთხვევაში კი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო, საქმეზე მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური ვერსიით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა. დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველ განმხილველ სხდომას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე სექტემბრის დასაწყისში ჩაატარებს.