"ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ 6 პუნქტიანი ულტიმატუმის წამოყენება დიდი შეცდომაა და ამან შესაძლოა, მოსახლეობაში არჩევნებთან დაკავშირებით ნიჰილიზმი გააღვივოს“, - ამის შესახებ პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში განაცხადა.
მისი თქმით, იგი ბიძინა ივანიშვილის 30 აგვისტოს ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა, მსგავს განცხადებას არ ელოდა.
გამყრელიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, ივანიშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მას გუნდში ჰყავს გამოცდილი ადამიანები, რომელთაც უნდა ერჩიათ, რომ მსგავსი ულტიმატუმების წამოყენება არჩევნებამდე და მითუმეტეს ამ ხელისუფლებისადმი, დიდი გულუბრყვილობა და შეცდომაა.
„მან ამ განცხადების აქცენტი არჩევნების შემდეგ ქუჩის აქციებზე გააკეთა. რაც შეეხება კონკრეტულად ულტიმატუმებს, მე მათ დეტალურად არ განვიხილავ, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ზოგიერთ მათგანს კატეგორიულად არ ვეთანხმები, მათ შორის უწყებათაშორის კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლის შესვლის საკითხს. მთავარი ბერკეტი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ არა მსგავსი ულტიმატუმებით საუბარი, არამედ არჩევნების დღეს ხალხის აქტივობაა", - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებში მოსაწონი სწორედ ის იყო, რომ კოალიცია აქცენტს არჩევნების მნიშვნელობაზე და არა ქუჩის აქციებზე აკეთებდა.