სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ განხორციელებული არაფულადი შემოწირულობების შესწავლის შედეგად, კანონდარღვევები აღმოაჩინა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრევენციული შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაადეკლარირეს პარტიების ანგარიშზე არაფულადი შემოწირულებების განხორციელების ფაქტი, რაც კანონით დაშვებულია. თუმცა, აცხადებენ, რომ მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ აღნიშნული შემოწირულებების დეკლარირება მოხდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევით, ვინაიდან განხორციელდა ფულადი ფორმით, თუმცა, დადეკლარირდა როგორც არაფულადი შემოწირულება.
უწყებაში აცხადებენ, რომ მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ ფიზიკური პირები სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და პარტიის ვალდებულებების შესრულებისათვის ფულად თანხებს პირადი სახსრებიდან იხდიან, თუმცა ამის მიუხედავად როგორც ელექტრონული პროგრამაში ისე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ამას ადეკლარირებენ როგორც არაფულად შემოწირულებას. კანონით დადგენილი წესების დარღვევით კოალიცია „ქართული ოცნების" სასარგებლოდ შემოწირულებები განახორციელეს ფიზიკურმა პირებმა, - ნოდარ ხადურმა, თამარ გიორგაძემ, რომან ცხონდიამ, თინა ხიდაშელმა და ბესო ჯოჯუამ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შემოწირულებად ითვლება პარტიის ანგარიშზე საქართველო მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა და მომსახურება.
„ამდენად, სახეზეა პარტიის სახელით ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ანგარიშსწორება, რაც არ შეესაბამება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით შემოწირულებისათვის დადგენილ ცნებას, რადგან კანონის მიხედვით შემოწირულება შეიძლება იყოს ან ფულადი სახის, რაც მხოლოდ შემომწირველის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან პარტიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით უნდა განხორციელდეს, ან არაფულადი, რაც შეიძლება იყოს ფიზიკური პირის მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით პოლიტიკური სუბიექტისათვის გადაცემული ყველა სახის აქტივი, გარდა ფულადი სახსრებისა, რაც ბუნებრივია წლის განმავლობაში ერთი ფიზიკური პირისთვის არ უნდა აღემატებოდეს კანონით დადგენილ ლიმიტს.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პირთა მიერ პოლიტიკური სუბიექტის ნაცვლად სხვადასხვა მომსახურებისა შესყიდვისა და ვალდებულების დასაფარავად პირადი სახსრების გამოყენება კანონდარღვევას წარმოადგენს და ამვდროულად სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან. კერძოდ:
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბმისად, აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება. ამდენად, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, სხვა რომელიმე ანგარიშის გამოყენება დაუშვებელია. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს საარჩევნო კამპანიის ფონდიდან. კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზეა სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ფონდი არსებობს, თუმცა საარჩევნო კამპანიისათვის საჭირო ხარჯების გაღება ხდება ფიზიკური პირების ანგარიშებიდან. აღნიშნული თანხები არ ხვდება ფონდის ანგარიშზე და ფაქტობრივად ორგანული კანონის მოთხოვნების გვერდის ავლის შენიღბვის მიზნით, დეკლარირდება როგორც არაფულადი შემოწირულება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადების თანახმად, აუდიტის სამსახურის განცხადებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა გამოიწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.