„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის რაიონში შალვა შავგულიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად ის ნუცუბიძის მე-2 და მე-4 მიკრორაიონებისა და ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა.
შალვა შავგულიძემ ამომრჩეველს შეახსენა, რომ 22 სექტემბერს ვაკის რაიონში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, მასშტაბურ შეხვედრას გამართავს.
„ბიძინა ივანიშვილი ვაკის ამომრჩეველს თბილისის უბნებს შორის ყველაზე ბოლოს - 22 სექტემბერს შეხვდება. ამ დღეს თითოეულ ამომრჩეველს საშუალება ექნება მას შეკითხვები დაუსვან და შესაბამისი პასუხები მიიღონ. 29-ში კი ჩატარდება დიდი საერთო მანიფესტაცია, სადაც ჩვენ ჩვენს ერთობას ყველას დავანახებთ“, - განაცხადა შავგულიძემ.
ერთ-ერთი შეხვედრისას შალვა შავგულიძის მხარდასაჭერად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი მივიდა.
ურუზმაგ ქარქუსოვის თქმით, კოალიციის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება და სჯერა, რომ შალვა შავგულიძე ვაკის რაიონში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს.