თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის სარეზოლუციო ნაწილი დღეს გამოცხადდება. რადიო "ჰერეთსა" და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის დავაზე განჩინებას მოსამართლე ნანა დარასელია გამოიტანს.
რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის რამაზ სამხარაძის განცხადებით, საქმის 9-თვიანი განხილვა დასრულებულია. მისი თქმით, სასამართლო დავა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მიმდინარეობდა.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 30 სექტემბერს თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად რადიო „ჰერეთის“ განცხადება არ დააკმაყოფილა და გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“ გამოაცხადა.
საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ „ჰერეთის“ სარჩელის განხილვა ცხრა თვის განმავლობაში გრძელდებოდა.