საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში, ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა, მეურნეობაში დასაქმებულებს გაესაუბრა და პომიდვრის მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა.
ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი პივოტური ირიგაციით ირწყვება და პირველი მსგავსი მეურნეობა არის ამ მხარეში. ნაკვეთში დათესილია პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ბადრიჯანი და ბროკოლი.
მიმდინარე წელს ნაკვეთში ერთ ჰექტარზე საშუალოდ 60-65 ტონა პომიდვრის მოსავლის აღება იგეგმება. ნაკვეთში ახლომდებარე სოფლებიდან 150 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კოტე კობახიძემ პრემიერ-მინისტრს გააცნო ნაკვეთში დანერგილი მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიები, რისი მეშვეობითაც მოსავლის რაოდენობა გაორმაგდა.
სადემონსტრაციო ნაკვეთში მოსავლის აღების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნატახტარის სწრაფგამყინი ქარხანა დაათვალიერა, რომელიც ამჟამად სწორედ პომიდვირს მოსავალს იბარებს და საწარმოო პროცესს გაეცნო.
ნატახტარის ქარხანა ერთადერთია საქართველოში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით, ხილისა და ბოსტნეულის გაყინვისა და ერთდროულად 3000 ტონამდე პროდუქტის ხანგრძლივად შენახვის საშუალებას იძლევა. ქარხნის მიერ მიღებული გაყინული პროდუქციის ექსპორტი, ძირითადად, ისეთ ქვეყნებში განხორციელდება, სადაც კლიმატური პირობების გამო, ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ფასი მაღალია.
ექსპორტის გარდა, ნატახტარის სწრაფგამყინი ქარხანა ადგილობრივ ბაზარზე საკონდიტრო, სანაყინე და წვენების დამამზადებელ საწარმოებს მაღალი ხარისხის ნედლი პროდუქტით მოამარაგებს.