კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ ჩვენ არ ვთქვით, რომ არჩევნების შედეგებს ვიღებთ, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ არჩევნებს არ მიიღებს.
ამის შესახებ მან დღეს დილით , ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ უამრავი კანონდარღვევა განახორციელა და კრიტიკული მასა იმხელაა, რომ არჩევნები დამკვირვებლებმა არ შეიძლება ლეგიტიმურად და დემოკრატიულად ცნონ.
ივანიშვილი აცხადებს, რომ კოლაიციის სახით, დამკვირვებლებს უკვე დახვდათ ძალა, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით დაინტერესებულია.
„ჩვენ დავიწყეთ დამეგობრება დამკვირვებლებთან. ხშირად ჩამოდიან ფორმალურად და ამის მაგალითები ხშირია. მე არ ვამბობ, რომ ხელების ამოგრეხვა მიდის, მაგრამ დამკვირვებლებს უკვე დახვდათ ძალა, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით დაინტერესებულია. ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ერთი ხედვა გაგვიჩნდეს. ერთნაირი ხედვა ჩამოყალიბდება. ჩვენ არ გვინდა, დემონსტრაციები დავიწყოთ. ისინი რამდენიმე დღით ადრე ნახავენ, რომ შედეგების გადაწერას აზრი არ აქვს. სააკაშვილი ისეთ აგონიაშია, შეიძლება, დამკვირვებლების უარყოფით შეფასებებს არ დაუჯეროს და მაშინ არჩევნების წაგებაზე უარეს შედეგს მიიღებს. მას დემოკრატიულ სამყაროში მეგობრები უკვე აღარ შემორჩნენ და მალე გასასვლელი გზაც აღარ დარჩება ევროპაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.