29 აგვისტოს საღამოს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ლადო ბულბულაშვილი საზღვრისპირა სოფელ ლაფანყურში ჩავიდნენ და ღამე ცხელ წერტილში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაატარეს.
სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ პარტიის წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად მასობრივი პანიკის ნიშნების არ არსებობისა, საზღვრისპირა სოფელში ვითარება დაძაბულია და ადგილობრივები შიშის ქვეშ იმყოფებიან.
"შიშის უმთავრეს მიზეზს, ინფორმაციის არ არსებობა და შეიარაღებული ძალების პერმანენტული როტაცია წარმოადგენს. პარტია არ გამორიცხავს, რომ ლოპოტას ხეობის სპეცოპერაცია წარმოადგენდეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას და წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ისახავდეს მიზნად", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. მათივე შეფასებით, საზოგადოებისთვის შსს–ს ძალების მოქმედების რეალური მიზნები და შედეგები ამ დრომდე ბუნდოვანია.
პარტიის წარმომადგენლები თბილისში დღეს დაბრუნდნენ.
პარტიის განცხადებით, 29 აგვისტოს, გვიან ღამით ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა საქართველო–რუსეთის საზღვართან ლოპოტას ხეობაში დაიწყეს სპეცოპერაცია. ოფიციალური ვერსიით, ოპერაციის მიზანს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი შეიარაღებული დაჯგუფების დევნა წარმოადგენს. თუმცა, საზოგადოებისთვის შსს–ს ძალების მოქმედების რეალური მიზნები და შედეგები ამ დრომდე ბუნდოვანია.