პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვრის, დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას ხეობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული დევნის ოპერაციის შეფასებისას განაცხადა, რომ ხელისუფლება მის, ისევე როგორც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნდობას არ იმსახურებს.
შესაბამისად, ივანიშვილს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რაღაც ისეთი ხდება, რაც შესაძლებელია ხელისუფლების ავანტიურა იყოს.
ივანიშვილის თქმით, ამ ეჭვის საფუძველს მას ხელისუფლების დღევანდელი სახე აძლევს და აცხადებს, რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები.
„კითხვებს მიჩენს ბევრი გარემოება. ის, რომ დღემდე არ ვიცით რა უნდოდათ ტერორისტებს ან რას ითხოვნდენ ისინი, როცა მძევლები აიყვანეს. როდესაც ტერორისტები ასეთ ქმედებებს ახორციელებენ, მათ მკვეთრი მოთხოვნები აქვთ. ეს ამ შემთხვევაში არ ვიცით“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება, უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მძევლების ჩანაცვლება ახალგაზრდების შემდეგ მესაზღვრეებისა და შს სამინისტროს ოფიცრებით მოხდა, ივანიშვილის აზრით, ეს ცვლილება აჩვენებს იმას, რომ ისინი არ იყვნენ აგრესიულები და რაღაც მოლაპარაკებებზე მოდიოდნენ.
„რა აუცილებელი იყო პირველივე დღეს ცეცხლის გახსნა? რატომ დაიწყო ძალადობა და რატომ არ გაგრძელდა მოლაპარაკებები, როდესაც ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ არ არსად ჩანს იმის აუცილებლობა, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო და ეს ყველაფერი მსხვერპლით დამთავრებულიყო.