კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია დღეს სოფელ ჭკადუაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა მათი პრობლემები მოისმინა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
როგორც ალასანია აცხადებს, ამ სოფელში სავალალო მდგომარეობაა. მისი თქმით, სოფელში პრაქტიკულად არ არსებობს გზა. გარდა ამისა, მოსახლეობას არ აქვს წყალი და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი პრობლემების არსებობა სამარცხვინოა.
„როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან სესხად 7 მილიარდი ლარი აიღო. ხომ შეიძლებოდა ეს თანხა ამ ელემენტარული პრობლემების მოგვარებაში დაეხარჯა, რომ ამ ხალხს არ ჰქონოდა გადაადგილების და უწყლობის პრობლემა. ჩვენ ამ ხალხს ვპირდებით, რომ დაიწყება მათი პრობლემების მოგვარება. მათთვის დაიწყება ისეთი ცხოვრება, რომელიც თითოეულ ოჯახს შეეხება“, - განაცხადა ალასანიამ.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას კითხვით მიმართა ახსოვდათ თუ არა ერთ ერთი შემთხვევა მაინც, როცა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გამოვიდოდა და რეგიონის სოფლების პრობლემებს დააყენებდა. მისი თქმით, პრაქტიკულად ასეთი შემთხვევა არ არსებობს.
„ოქტომბრის შემდეგ კი თქვენ გეყოლებათ ისეთი დეპუტატი, რომელიც დღენიადაგ თქვენი პრობლემების გადაწყვეტაზე იზრუნებს. ოქტომბრის არჩევნებზე გვაქვს შესაძლებლობა ისეთი პარლამენტი ავირჩიოთ, რომელიც ხალხს ემსახურება და არა პირიქით“, - დასძინა მან.