საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის, ვინც დივერსანტთა ჯგუფის ორგანიზება მოახდინა, რამდენიმე ამოცანა ჰქონდა. ამის შესახებ მან დღეს ყვარელში განაცხადა, სადაც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ ქართველი ჯარისკაცები ამ მასშტაბის საბრძოლო ვითარებაში არ ყოფილან და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, მათი ერთ-ერთი ამოცანა ქართველი საბრძოლო მზადყოფნის გამოცდა იყო.
„მინდა ვთქვა, რომ პროგრესი აშკარად აქვთ და ეს ძალიან მიხარია. დივერსანტთა შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იყო. მათი მეორე ამოცანა პროვოკაციის მოწყობა იყო, რომელიც ვფიქრობ, რომ არ გამოუვიდათ“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტის შეფასებით, ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაცია ურთულესი იყო, რადგან ხეობას ბევრი ჩასასვლელი და ამოსასვლელი აქვს.
„სპეცოპერაციის დროს გამოვიყენეთ ავიაცია და უპილოტოები. კარგია, რომ ტექნიკური საშუალებები გვაქვს. ამ ხარისხის ოპერაციის ჩატარება ასეთ რთულ რელიეფში და ასეთ რთულ ვითარებაში, ძალიან ბევრ ქვეყანას გაუჭირდებოდა“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გარდაცვლილები ძალიან კარგი მებრძოლები იყვნენ და დასძინა, რომ გარდაცვლილი სამი სპეცრაზმელი საქართველოსთვის დიდი დანაკარგია.
პრეზიდენტმა შეხვედრისას სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.