„საქართველოს მოქალაქეებზე ხელის აღმართვა არავის ეპატიება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლაფანყურში ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ლოპოტას ხეობა ურთულესი ხეობაა და იქ 20-ის ნაცვლად 5 დივერსანტიც რომ გამაგრებულიყო, მათი განეიტრალება გაჭირდებოდა.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, ქართველი სპეცრაზმელები ძალიან გმირულად მოიქცნენ.
„მშვიდობისთვის ჯარისკაცები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ. რაც 10 წლის წინ იყო ის რომ დაგვეშვა, ყველამ კარგად ვიცით რაც მოხდებოდა. მერე შეიძლება დაიწყოს კრიმინალი, გატაცება, მაგრამ ახლა სხვა ქვეყანას, გზებს და ქალაქებს ვაშენებთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, კახეთში აღსადგენია ყველაფერი, რაც სტიქიამ გაანადგურა. ამიტომ, ახლა ლეკიანობის და არეულობის დრო არაა და აღნიშნა, რომ უნებართვოდ ადამიანის წაყვანა კი არა, პირუტყვის წაყვანაა დაუშვებელი.
„დრო და მიმართულება შეეშალათ, ვინც ისინი აქ გამოგზავნა და იმათაც, ვინც საქართველოში გადმოვიდა. საქართველოს მოქალაქეებზე ხელის აღმართვა არავის ეპატიება“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.