„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ პროგრამას – „მეტი სარგებელი ხალხს“ ნაცმოძრაობის აგიტაციად აფასებს

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ პროგრამას – „მეტი სარგებელი ხალხს“ ნაცმოძრაობის აგიტაციად აფასებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახალი სამთავრობო პროგრამის – „მეტი სარგებელი ხალხს“ ფარგლებში, რეკლამებისა და აქციების მოწყობას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთავრობისგან უსასყიდლოდ მიღებულ არამატერიალურ ფასეულობად აფასებს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ დღეს განცხადება გაავრცელა.

მათი თქმით, აღნიშნულ პროგრამას დღემდე არაერთი სამთავრობო სარეკლამო აქცია თუ ღონისძიება ეძღვნება, რომელთა დაფინანსებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება.

„ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ არის შექმნილი, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ მთელი საარჩევნო კამპანია ზუსტად ამ ლოზუნგზე „მეტი სარგებელი ხალხს“ ააგო და საარჩევნოდ დარეგისტრირდა შესაბამისი სახელით -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს““ - განაცხადეს ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–2 და მე–21 პუნქტების თანახმად, შემოწირულებად ითვლება პოლიტიკური პარტიის მიერ ან მის სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა.

„ამის გამო, საქართველოს მთავრობის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში რეკლამების თუ აქციების მოწყობა შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ მთავრობისგან უსასყიდლოდ მიღებულ არამატერიალური ფასეულობა, ხოლო სოციალური დახმარებები თუ მთავრობის დაფინანსებული სხვა პროექტები/ღონისძიებები - მთავრობის მიერ ხსენებული პარტიის მხარდასაჭერად გაცემული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა“, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლები.

 

ორგანიზაციაში  აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ თავისი პროგრამისთვის პოპულარიზაციის გაწევით მმართველი პარტიის აგიტაციაც ხდება. „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით კი, სახელმწიფოს მხრიდან პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება აკრძალულია. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მთავრობასა და „ნაცმოძრაობას“ მოუწოდებს, იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მთავრობის მოქმედებებსა და პარტიის მიერ ჩატარებულ საარჩევნო კამპანიას შორის მკაფიო გამიჯვნა შეძლოს, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.