„ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემის გამოყენებას ეხმიანება.
თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება არ ეგუება შანტაჟს, რადგან მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად ურჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს.
„როდის უნდა მიხვდეს დასავლეთი, რომ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის. რაც უფრო აძლიერებენ ჩვენზე ზეწოლას, მით უფრო იზრდება ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა. თუკი ევროპელები ქართული ოპოზიციის „რჩევებს” ითვალისწინებენ (როგორც ჩანს, ასეა), ვეტყვით, რომ ამათი პოლიტიკური გათვლები არათუ შავი ზღვის იქეთ, არამედ, შავი ზღვის აქეთაც ვერ ამართლებს. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ.
ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რომ შეეძლოთ, აქამდე იყრიდნენ ჯავრს „ურჩ ხელისუფლებაზე” და მეორეც, არც ეს აშინებს ქართველ ხალხს, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად გვირჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს. არც ოჯახურ ღირებულებებს ვცვლით ჩვენი გენის გამანადგურებელ „უფლებრივ ღირებულებებზე” და არც ამერიკულ „FARA”-ს ვუწუნებთ რამეს.
რაც შეეხება ზანგეზურის პროექტს, დასავლეთის მცდელობა, საქართველოს გვერდის ავლით შეძლონ აღმოსავლეთთან ახალი ეკონომიკური ჰაბის შექმნა, იდეაშიც კი მკვდარია. მათ კარგად იციან სამხრეთ კავკასიის რთული და ფეთქებადი პოლიტიკა. ისიც იციან, რომ საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე კავკასიაში, ეთნოკონფლიქტების დარეგულირებაში ერთადერთი მშვიდობის გარანტია.
იქნება თუ არა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, ესეც გარკვეულწილად ჩვენს ნებ აზეა დამოკიდებული და არა ევროპა-ამერიკის სურვილზე. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ. „როლური თამაშები”, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, ზედმეტად ბრიყვულია და ამ პროცესებში მათ არავინ გაჰყვება. რეალური თვითმყოფადობის შეგრძნებამ მეტი დამაჯერებლობა შემატა ხელისუფლებას და ამ სიმაღლიდან იქ, ქვემოთ, „ევროპელ მბრძანებლებთან” ლახტობანას თამაში, მხოლოდ ოპოზიციის საქმეა,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.