კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაცია მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია. მისი თქმით, დაღესტნის ინტერნეტ სივრცეში კარგა ხნის წინ ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საზღვრის და აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის კონცენტრაცია ხდებოდა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ გამომდინარე იქედან, რომ ოფიციალურად გავრცელებული განცხადების გარდა ჩვენ სხვა არანაირი ცნობა არ გაგვაჩნია და ის, თუ რა ინტენსივობითაც ცდილობს შესაბამისი უწყებები ეს ამბავი შეფუთონ გვაძლევს ეჭვის საფუძველს იმაზე, რომ აღნიშნულ ფაქტს დღევანდელ მოვლენებთან ურთიერთკავშირი აქვს.
„გვაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ დაკავებული იყვნენ ბიჭები, შემდეგ ჩატარდა სპეცოპერაცია, მინდა გითხრათ, რომ აქამდეც დაკარგულან ბიჭები, მაგრამ მსგავსი მაშტაბის სპეცოპერაციები არ ჩატარებულა. ჯერჯერობით არსებული ინფორმაციაც ბუნდოვანია. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, რომ მთლად ისე არ არის მდგომარეობა, როგორც ოფიციალური ორგანოები ავრცელებენ. არ ვიცი, რამდენად რეალურია თვითონ ის ისტორია, რაც იქ მოხდა, თუმცა ჩემი მრავალწლოვანი გამოცდილება მკარნახობს, რომ ეს ასე მარტივად არ არის“, - განაცხადა მან.
მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ როგორც რუსეთის ასევე საქართველოს მხრიდან შეინიშნება გარკვეული სამხედრო სამზადისი, ამიტომ ის მოვლენების რთულად განვითარებას არ გამორიცხავს.
„მე არ გამოვრიცხავ მოვლენების რთულად და მძიმედ განვითარებას საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე, მათ შორის პირობით საზღვარზე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვის რა დაჭირდება კონკრეტულ მომენტში“, - დასძინა მან.
საქართველოს შსს-ს ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. არსებული ცნობით, ოპერაციის შედეგად მოკლულია ერთი დივერსანტი, არიან დაჭრილებიც.