ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, კონკრეტულად კი, ლოპოტას ხეობაში არსებულ ვითარების უკან, რუსული სპეცსამსახურები დგას.
შესაბამისად, დარჩიაშვილი არ გამორიცხავს ეს ყველაფერი რუსული ჩანაფიქრი იყოს, რასაც მისი თქმით, საქართველოსთან პუტინის დამოკიდებულება ცალსახად აჩვენებს.
„მსგავსი რამ, რომ ხდება ხოლმე, ეს ჩემთვის ცხადია. მეზობელ ქვეყანაში ჩრდილოეთ რეგიონში, როდესაც აბსოლუტურად არასტაბილური ვითარებაა, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ სამწუხარო და საგანგაშო ისაა, რომ ამ ყველაფრის უკან, სავსებით საფუძვლიანი ეჭვია რუსული სპეცსამსახურების მიერ იმის მცდელობა იყოს, რომ საქართველოში დაძაბულობა და დესტაბილიზაციის კერები იყოს. სხვა ყველა შემთხვევაში, ასეთ ვითარებაში ორი ქვეყნის სამართალდამცველები ითანამშრომლებდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არანაირი დესტაბილიზაცია არ გამოუვათ. ეს რუსული ჩანაფიქრია, თუ თავისთავად მოხდა რაღაც, მალე აღმოიფხვრება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის თქმით, ცალსახად ნათელია, რომ პუტინს სურს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყოს.
„ამისათვის კი, ათასგვარი პროვოკაციები სჭირდება, მაგრამ ამ პატარა-პატარა პროვოკაციებით იგი თავის მიზანს ვერ მიაღწევს, რა თქმა უნდა, რისკი არის, კონკრეტული ადამიანების მიმართ საფრთხე არსებობს, მაგრამ სისტემურად, ამ მცდელობებით შემდგარ, ფეხზე მდგომ სახელმწიფოს რუსეთი ვერაფერს ვერ უზამს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, სრული სიგიჟე უნდა ჩაიდინოს რუსეთმა, რომ საქართველოში ახალი სამხედრო ინტერვენცია მოაწყოს.
„ამის თავი რომ ჰქონოდა, აგვისტოშივე დაამთავრებდა თავის განზრახვის აღსრულებას, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობას უყურებს და როგორც იტყვიან, უნდა ნარი სხვისი ხელით გლიჯონ, რაც არ გამოუვათ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.