საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი, რომლის დევნის ოპერაციასაც შსს ახორციელებს აცხადებს, რომ შესაძლებელია ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი კრიმინალების ჯგუფი მოქმედებს, რაც რამდენიმე დღის წინ 5 თანამოქალაქის გაუჩინარებასთანაა დაკავშირებული ან შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, უკანონო ბანდფორმირებების შემოსვლა მოხდა.
„მოგეხსენებათ, ბანდფორმირებები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, ჩრდილოეთ კავკასიაში კერძოდ, ჩეჩნეთის და დაღესტნის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედენებენ. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ სწორედ, დაღესტნიდან იგივე რუსეთის ცენტრალური სასაზღვრო სამსახურის ხელშეწყობით, საქართველოში უკანონო შემოსვლა მოხდა, რასაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე წლის წინ, პანკისის ხეობაში. რუსეთი უწყობდა ხელს ეს ბოევიკები გადმოსულიყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ალბათ გამოძიება დაადგენს ყველაფერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, შესაბამისი განცხადება გაკეთდება“, - განაცხდა ჩიტაძემ და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებას სრულყოფილად მიეწოდება ინფორმაცია, კონკრეტული დასკვნის გაკეთება, თუ რა მოხდა სინამდვილეში, უფრო ადვილი იქნება.
რაც შეეხება, ამ ტერიტორიაზე სიტუაციის გამწვავებას და შესაძლებელია თუ არა ეს ყოველივე გასცდეს დევნის ოპერაციის მასშტაბებს, ჩიტაძე აცხადებს, რომ ალბათ, საქართველო ამ ტერიტორიაზე დამატებითი სასაზღვრო ძალების კონცენტრაციას მოახდენს და აქედან გამომდინარე, სტაბილიზაცია შენარჩუნებული იქნება.
„ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რუსეთი იყო, არაა გამორიცხული რუსეთი მომავალში შეეცადოს, თუნდაც ბანდფორმირებების, ტერორისტული თუ დივერსიული აქტების განხორციელების გზით, ეცადოს საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს. რაც არამხოლოდ არჩევნებს უკავშირდება არამედ, ამის ძირითადი მიზანი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა იქნება. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, თუ რუსეთი მონაწილეობს. რაც შეეხება, კონკრეტულად ტერიტორიაზე სიტუაციის დაძაბვას, მინდა გითხრათ, რომ დღეს, იგივე პანკისის ხეობა საქართველოში ერთ - ერთი სტაბილური ადგილია. საბოლოოდ, ალბათ, დადგინდება სიმართლე“, - განაცხადა ჩიტაძემ.