კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც ლოპოტას ხეობაში, რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ შეიარაღებული ჯგუფებს უკავშირდება საკითხში გასარკვევად არასაკმარისი მონაცემია. ამის შესახებ ბერძენიშვილმა From.ge ს განუცხადა.
მისი თქმით, შესაძლებელია ეს უშუალოდ წინასაარჩევნოდ აგორებული სკანდალიც იყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ სანამ ამ განცხადების გარდა სხვა დამატებითი წყაროები არ გავრცელდება, მანამ რაიმე კონკრეტულის თქმა მაინც შეუძლებელია.
„შესაძლებელია, ეს უშუალოდ არჩევნებთანაც იყოს დაკავშირებული, მაგრამ ეხლა ამ განცხადების გარდა სხვა ხელთ არაფერი არ გვაქვს. ამიტომ ამაზე დაყრდნობით დარწმუნებით ამის თქმა არ შეგვიძლია. ვფიქრობ, აუცილებელია სხვა წყაროც არსებობდეს. ჩვენ ეხლა ამ საკითხს ვსწავლობთ და ალბათ მალე ჩამოვყალიბდებით კიდეც“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, შსს-მ საქართველო-რუსეთის საზღვართან მიმდინარე დევნის ოპერაციაზე განცხადება დღეს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული უწყება დევნის ოპერაციას მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ახორციელებს.
„საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი . შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული", - აღნიშნულია განცხადებაში.