„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჭიათაურის შემდეგ, საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი გამგებელი ზურაბ ცერცვაძე სოფელ ქორეთში წარადგინა. წარდგენა ძველი მარნის ტერიტორიაზე ღვინის გასინჯვით და დალოცვით მოხდა.
დავით ბაქრაძემ ცერცვაძეს ქორეთში საბავშვო ბაღის გახსნა და საჩხერეში მეღვინეობის განვითარება დაავალა. „არჩევნებში ხალხის საკუთარ სურვილს გამოხატავს. არც საჩხერეში, არც საქართველოს სხვა კუთხეში, წინასწარი პროგნოზების გაკეთება სწორი არ არის, ამ შემთხვევაშიც წინასწარ პროგნოზს არ გავაკეთებ“,-აღნიშნა ბაქრაძემ.
საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი საჩხერის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობაში ჩადებული ოთხი მილიარდი საჩხერის ყველა სოფელს დაეტყობა.
„ოთხი მილიარდი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებაში ჩაიდება, უნდა დაეტყოს საჩხერის რაიონის 52-ივე სოფელს, გლეხური მეურნეობები ფეხზე უნდა დადგეს . რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას სოფლად, რომ ხალხს სოფლად ცხოვრება უხაროდეს და დედაქალაქისაკენ არ ისწრაფოდეს“,-აღნიშნა ცერცვაძემ.