საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი რუსთავში სამრეწველო ობიექტების დათვალიერებას განაგრძობს. „აზოტის“, „ვაგონმშენებელი კომპანიის“, „რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხნის“ და „ჰაიდელბერგ ცემენტ“-ის შემდეგ პრემიერ-მინისტრი რუსთავში მოქმედ მეტალურგიულ კომპანიებს „რუსმეტალ“-ს, „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას“ და „ჯეოსტილ“-ს ესტუმრა.
„რუსმეტალ“-ის ხელმძღვანელობასთან საუბრის დროს, ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ლაზიკას ახალი პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პორტი იქნება საქართველოში პირველი პორტი, რომელსაც შეეძლება დიდი ტონაჟის კონტეინერმზიდების მიღება და გადმოტვირთვა. ნაცვლად 200-300 კონტეინერის ტევადობის გემებისა, პორტს საშუალება ექნება მიიღოს ისეთი გემები, რომლებსაც 3000-5000 კონტეინერის გადაზიდვა შუძლიათ, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს ტრანსპორტირების ხარჯებს და შეამცირებს დახარჯულ დროს. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება ნედლეულის ფასი მეტალურგიულ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის.
კომპანია „რუსმეტალი“ 2005 წელს დაარსდა. ორგანიზაციამ ქალაქ რუსთავში დაიწყო ქარხნის მშენებლობა, რომელიც 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და მასში 300 ადამიანამდე არის დასაქმებული. ქარხანა აწარმოებს ფეროშენადნობებს და წელიწადში მისი წარმადობა არის 25-30 ათასი ტონა. ქარხანა წარმოებაში ძირითადად ადგილობრივ მადანსიყენებს და მანგანუმს თერჯოლის რაიონშიმოიპოვებს, სადაც სამი საბადო და მანგანუმის გადამამუშავებელი ქარხანა აქვს. „რუსმეტალ“-ს პროდუქცია ექსპორტზე თურქეთში, უკრაინაში, აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გააქვს.
„რუსმეტალ“-ის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანა“-ში მივიდა და იქ დასაქმებულ პირებს გაესაუბრა. ქარხნის წარმომადგნლებმა პრემიერ-მინისტრს საწარმოო პროცესი და ქარხნის გაფართოების გეგმები გააცნეს, რომლის შედეგადაც ქარხნის წარმადობა თვეში 6000 ტონიდან 10000 ტონამდე გაიზრდება. „რუსთავის მეტალურგიული ქარხნის“ მიერ დამზადებული პროდუქციის დაახლოებით 80% მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე.
მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ მეტალურგიულ საწარმოს, „ჯეოსტილ“-ს ესტუმრა. კომპანიის წარმომადგენელმა ვანო მერაბიშვილს ფოლადიდან საბოლოო პროდუქციის მიღების ტექნოლოგია გააცნო. შპს „ჯეოსთილი“ საქართველოში ფოლადის ყველაზე დიდი მწარმოებელია და მასში 600-მდე ადამიანი არის დასაქმებული. ქარხნის საწარმოო ინფრასტრუქტურა 13 ჰექტარზეა გაშლილი და მისი წარმადობა წელიწადში 200 000 ტონა ფოლადს შეადგენს. ქარხანამ 2011 წელს ექსპორტზე 62 ათასი ტონა ფოლადიგაიტანა. საქართველოს გარდა მისი პროდუქციის მომხმარებელია აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ირანი და შრი-ლანკა.