„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემომწირველებს (5 შემომწირველს) შემოწირულ 315 ათას ლარს დაუბრუნებს. ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეიდან პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია, სადაც ასახული იქნება საარჩევნო ფონდის ანგარიშეზე ჩარიცხული შემოწირულობები.
მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი საკუთარ თავს ფინანსური გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს უწესებს და სწორედ ამიტომ მხარი დაუჭირა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან მათი ფინანსური საქმიანობა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ.
თაქთაქიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, კანონის აღსრულების პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ დაზღვეული არ აღმოჩნდა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩვენი შემომწირველების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ რამდენიმე შემოწირულობის განხორციელება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. მივიღეთ გადაწყვეტლება, რომ 315 ათასი ლარი უკან დავუბრუნოთ შემომწირველებს“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლო თუ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, შემომწირველებს ჯარიმის სახით შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობის 1. 575. 000 ლარის გადახდა მოუწევთ. თუმცა, შესაძლოა სასამართლომ შემომწირველები არ დააჯარიმოს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ უკანონო შემომწირველის მიმართ 1.575.000 ლარის ოდენობით სანქცია გამოიყენოს.