ტყიბულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ელისო ჩაფიძე და არჩილ კბილაშვილი წესიერებისა და პატიოსნების სიმბოლოები არიან. ასე დაახასიათა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატობის კანდიდატები ტყიბულში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ელისო ჩაფიძე კოალიციის ერთ-ერთი სასახელო და ღირსეული წევრია.
„ელისო ქალია, თითქოს სუსტი, მაგრამ ამ დროს ძალიან მებრძოლი სულის ადამიანი. თქვენ ნახავთ, რომ ის არავის არაფერს დაუთმობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს რაიონი გაჭირვებიდან გამოიყვანოს. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი სასახელო და ღირსეული წევრია“, - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ამასთან, მან ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევნებზე არა მხოლოდ პარტიული სიით მისცენ ხმას "ქართულ ოცნებას", არამედ მაჟორიტარი კანდიდატიც შემოხაზონ.
„მოგიწოდებთ, რომ მარჯვენა ხელი არ მოვიდეს მარცხენასთან წინააღმდეგობაში. ხშირად მესმის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ესა თუ ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კარგი კაცია. არ დაიჯეროთ, ვინც "ნაციონალების" რიგებიდან იყრის კენჭს არჩევნებში, ის ხელისუფლების იდეოლოგიის გამტარებელია. თქვენ გყავთ ძალიან გულწრფელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მხარი დაუჭირეთ ელისო ჩაფიძეს", - მიმართა ივანიშვილმა ტყიბულელებს.