ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება" 2003 წლიდან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების გადახედვასა და აღნიშნული ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპროცესო შეთანხმებების უმრავლესობა ბრალდებულზე ძალადობის გამოყენების შედეგად ფორმდება, ძალადობის მსხვერპლნი კი ამის აღიარებას ვერ ბედავენ. ამიტომ „უფლებადამცველთა გაერთიანება" მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს, აღნიშნული საკითხი თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამებში შეიტანონ.
„უფლებადამცველთა გაერთიანება" მოითხოვს, გაუქმდეს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, რადგან ამ ინსტიტუტმა საქართველოში გაანადგურა სამართალი და დაამკვიდრა სახელმწიფო რეკეტი. ადვოკატები მაკლერებად აქცია, მოსამართლეები ნოტარიუსებად, პროკურატურა კი რეპრესიულ მანქანად ჩამოაყალიბა, საპროცესო შეთანხმების სისტემა კი ბიუჯეტის შევსების სერიოზულ წყაროდ აქცია", - განაცხადა მჟავანაძემ.