პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ტყიბულის მოსახლეობას შეხვდა.
შეკრებილ საზოგადოებას ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, როდესაც კოალიცია მოვა ხელისუფლებაში, ტყიბულის მაღარო უფრო უსაფრთხო და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იქნება, მუშებს კი, „ადამიანური ხელფასი“ ექნებათ.
ივანიშვილის თქმით, შრომის კოდექსი მუშაზე მორგებული იქნება და მუშა - მოსამსახურის უფლებებს დაიცავს.
„ეს არის მძიმე ტექნიკური შრომა და აზიანებს ჯანმრთელობას და ამიტომ აქ გვინდა რადიკალურად განსხვავებული მიდგომა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება დასაქმებაზეც გაამახვილა. მისი თქმით, საკუთარ ქვეყანაში სამსახურის პოვნა ტოტალურად ჭირს.
„როდესაც კოალიცია მოვა ხელისუფლებაში, საინვესტიციო კლიმატი გაჩნდება, კერძო ბიზნესი მოძლიერდება და ეტაპობრივად გადაწყდება ეს პრობლემა. დაბრუნდებიან ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთიდან, რომელიც იქ მცირე ანაზღაურებისთვის შრომობენ. რა დავაშავეთ ისეთი, რომ საკუთარ სამშობლოში ჩვენი ადგილი არ გამოინახა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა სოფლის მეურნეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინება ასეულ ათასობით ადამიანს დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენი პროგრამა გადაიწერეს და უსირცხვილოდ ოთხზე გაამრავლეს“, - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში გაიცემა გრძელვადიანი კრედიტი, რომელიც ძირითადად,უპროცენტო იქნება და ზოგ შემთხვევაში კი, კრედიტორებს დაერიცხებათ 3%.
„თქვენ თვითონ უნდა მოახერხოთ მცირე და საშუალო საწარმოს შექმნა ამ კრედიტების საშუალებით. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ომამდე გაუაზრებლად დახურა რუსული ბაზარი, რომლისკენაც მთელი მსოფლიო მიილტვის. რუსეთის ბაზრის დახურვით და თურქული ბაზრის გახსნით მთლიანად წელში გაწყვიტეს ქართველი გლეხი, რადგან მის პროდუქციაზე ბევრად ნაკლებ ფასში იყიდება თურქული პროდუქცია“,- განაცხადა ივანიშვილმა.