აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა. ამის შესახებ დღეს უსკოს თავმჯდომარემ, არჩილ მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო სუბიექტებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოიყენონ იგივე ნომრები, რაც მიენიჭათ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
„დღეს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტებს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მიენიჭათ რიგითი ნომერი. ძირითადად ეს არის ნომრები, რომლებითაც მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. გამონაკლისია, მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტი, „დემოკრატიული სიმართლის პარტია", რომელიც მხოლოდ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს და მისი ნომერი იქნება 42", - აღნიშნა არჩილ მიქელაძემ.
ცნობისთვის, უსკო-ს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1 –„თავისუფალი საქართველო"; 38 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია"; 17 – „სახალხო მოძრაობა"; 24 – „ახალი მემარჯვენეები"; 23 – „ქართული დასი"; 5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 9 – „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის"; 18 – „ხალხის პარტია"; 43 „საქართველოს დემოკრატიული სიმართლის პარტია; 41 - საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; 10 - საარჩევნო ბლოკი „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".