კასპში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა იგოეთის, სამთავისისა და ბოჟამის მოსახლეობასთან. ადგილობრივ მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით ონოფრიშვილი შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობა მას დღემდე გადაუჭრელ პრობლემებზე ესაუბრა, თავად ონოფრიშვილმა კი ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
მისი თქმით, რაიონის პრობლემები იდენტურია იმისა, რაც დანარჩენ რეგიონებში არსებობს. დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ 21-ე საუკუნეში კასპში არ აქვთ სასმელი და სარწყავი წყალი, გაზი, გზა და აღნიშნა, რომ ადგილობრივებს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება.
„ჩვენ ვნახეთ ერთი ორი ადამიანი, რომლებიც 90 წელს არიან მიღწეულნი, თუმცა მათ არც პენსია აქვთ და ისინი არც არანაირ სხვა დახმარებას არ იღებენ. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება იყოს მათი ცხოვრება. ადგილობრივები უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.