საქართველოს „ლეიბორისტული პარტია“ ამომრჩეველს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უმაღლესი განათლების უფასოდ მიღებას ჰპირდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა.
ჯიბლაძის თქმით, საჭიროა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები და დამატებები შევიდეს და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეხება.
„საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს - სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს; დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა; ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო და მოქალაქეებს უფლება აქვთ, კანონის დადგენილი წესით სახელმწიფოს სრული დაფინანსებით პროფესიული და უმაღლესი განათლება მიიღონ“, - განაცხადა ჯიბლაძემ.
მისი თქმით, საქართველოში დღეს უამრავი ადამიანია, რომელსაც მაღალი გადასახადების გამო, სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული. ამიტომ ჯიბლაძის აზრით, სახელმწიფო ვალდებულია განათლებაზე მეტი დაფინანსება გამოყოს და სტუდენტის განათლება სრულად დააფინანსოს.
„ლეიბორიტული პარტიის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აღნიშნული პრობლემა აუცილებლად მოგვარდება და ახალგაზრდებს უფასო განათლების მიღების საშუალება ექნებათ“, - განაცხადა ჯიბლაძემ.