ბრუკლინში მცხოვრები ქართველები კიდევ ერთი დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ. მათ საქართველოს გენერალურ საკონსულოს თხოვნით უკვე მიმართეს. ემიგრანტთა განცხადებით, ყველაზე მეტი ქართველი ბრუკლინში ცხოვრობს და აუცილებელია მეგაპოლისის ამ ნაწილში საარჩევნო უბანი არსებობდეს, მით უფრო, რომ ხმის მიცემა სამუშაო დღეს მოხდება და ძალიან ბევრი ემიგრანტი ვერ მოახერხებს 70 კილომეტრის დაშორებით მანჰეტენზე გამგზავრებას.
„აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით შევიტანეთ კოლექტიური განცხადება საქართველოს საკონსულოში, ქალაქ ნიუ-იორკში. განცხადების თანახმად, რომელსაც 130 კაცი აწერს ხელს, ვითხოვთ კიდევ ერთი საარჩევნო უბნის გახსნას ქალაქ ნიუ-იორკში“,-აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილენი.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი მოთხოვნა კანონიერია, ამიტომ ცესკო-მ მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.
„იმდენად დიდია აქტივობაა ბრუკლინში მაცხოვრებელი ქართველების, რომ ჩვენ უფლება გვაქვს ეს კანონისა და კონსტიტუციის საფუძველზე მოვითხოვოთ და ცესკომ დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები კიდევ ერთი უბნის გახსნის თაობაზე“,-აცხადებს აქციის მონაწილე ანტონ ჯღამაძე.