პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ 5 შემომწირველის ქონებას ყადაღა დაედო, აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით აუდიტის სამსახურს მიუკერძოებლობის წარმოდგენის შექმნა სურს.
კბილაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ქონების დაყადაღების სერიის შემდეგ, აუდიტის სამსახურის მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები გამოკვეთა სწორედ, ამ მიზანს ემსახურება.
„ეს რეაქციაა იმაზე, რომ სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტი „ქართული ოცნების“ მიმართ, საწინააღმდეგო ქმედებებზე ცალმხრივად ორიენტირებული იყო. ჩემი აზრით, ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რომლითაც მას მიუკერძოებლობის წარმოდგენის შექმნა სურს. რაც შეეხება, სამართლებრივ შეფასებას, არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, რამდენად, რა დარღვევაა და როგორაა, მაგრამ გარედან ასე აღვიქვავ. მაშ შემდეგ, რაც საყოველთაოდ გაცხადაა, რომ ეს დაწესებულება ფაქტიურად, კოალიციის დამსჯელ დაწესებულებად გადაიქცა, ამით სურთ გააკეთილშობილონ ის რეალური მავნე ინფორმაცია, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს“, - განაცხადა კბილაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკანონო შემომწირველების მიმართ 1.575.000 ლარის ოდენობით სანქციის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.