კოალიცია „ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი საგარეჯოს პოლიციაში წუხელ დაკითხვაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
კოალიციის ინფორმაციით, ხიდაშელი 17 აგვისტოს, სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ დაკითხეს.
ხიდაშელი აცხადებს, რომ ის საგარეჯოს პოლიციას ხვალ ვიდეომასალას წარუდგენს, სადაც ინციდენტის ამსახველი კადრებია.
„ვიმედოვნებ, მომხდარი ფაქტის შესახებ საქმის წარმოება აუცილებლად დაიწყება“, - განაცხადა მან.
„ხიდაშელმა საჩივარი გამგებლის წინააღმდეგ კამპანიაში ხელის შეშლის ბრალდებით შეიტანა. თუმცა, მოძალადეების ნაცვლად სამართალდამცავმა ორგანოებმა 17 აგვისტოს დააკავეს კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ქამარატ მამედოვი, ხოლო 18 აგვისტოს, დილით ასევე დააკავეს კოალიციის მეორე მხარდამჭერი, ნათიკ რასულოვი. 17 აგვისტოს, კოალიციის კანდიდატი შეხვედრებს სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან მართავდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, ჩხუბი ატეხეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ "ინფო 9"-ის თვითმარქვია წარმომადგენლის მიმართ, რომელიც "ინფო 9"-ის ნამდვილ წარმომადგენლად მიიჩნიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თინათინ ხიდაშელის საარჩევნო შტაბს აქვს ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანს ჩხუბის ინიციატორები და აქტიური მონაწილეები: სოფელ დუზაგრამის გამგებელი მუხტარ ისმაილოვი, სოფელ ლამბალოს გამგებელი ალახიარ აბდულაევი, სოფელ თულარის დეპუტატი საკრებულოში ვექილ ვექილოვი, სოფელ ქეშალოს გამგებლის, თავთუხ კაჭიევის დისშვილი და გამგეობის თანამშრომელი, ადრე ნასამართლევი ილგარ გაჯიევი, რომელიც ვიდეოკამერის დამტვრევასაც ცდილობდა", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ამ ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია რეაგირებისთვის გადაეცა უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო დამკვირვებლებს.