„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო ყრილობისთვის ემზადება. პარტიული ღონისძიება პირველ სექტემბერს საქართველოს 11 ქალაქში გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობა“ იწვევს მხარდამჭერებს საერთაშორისო დამკვირებლებს კი, მოუწოდებს მონიტორინგი გაუწიონ ყრილობის ფარგლებში გამართულ თოთოეულ ღონისძიებას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, პარტიული ღონისძიენა საარჩევნო კამპანიის ფონდიდან დაფინანსდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ქალაქში საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი რეგიონის, პარტიის შტაბის წევრებმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა. თბილისში შეიკრიბებიან მხოლოდ თბილისის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები. საარჩევნო ყრილობაზე იგეგმება „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდრების გამოსვლები, რომელიც საზოგადოებას გააცნობენ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამას „მეტი სარგებელი ხალხს“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საზოგადოებას მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ როგორ გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მეტი ადამიანის დასაქმებას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სოფლის გაძლიერებას. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ეს გახლავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პარტიული ღონისძიება. შესაბამისად, ყველა ხარჯი იქნება აღებული საარჩევნო ფონდიდან და იქნება გამჭირვალე საზოგადოებისათვის“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.